natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

როდესაც მივიღე გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო, რა თქმა უნდა, მქონდა გააზრებული, რომ იქნებოდა წინააღმდეგობები, რომ ყველა ჩემი აზრი, იდეა არ იქნებოდა მხარდაჭერილი, რომ იქ სადაც უმრავლესობაა და უმრავლესობა ხელისუფლებაშია, ოპოზიციურ უმცირესობას უჭირს და ვფიქრობდი, რომ, რა თქმა უნდა, მეც გამიჭირდებოდა, მაგრამ შიშით საქმე არ გაკეთდებოდა და გადავწყვიტე კენჭი მეყარა. ვფიქრობდი, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნებოდა ორიენტირებული ქალაქის მაცხოვრებლებზე, განსაკუთრებით ქალებზე, რადგან ვთვლიდი და დღესაც ბუნებრივია ასე ვთვლი, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ არც ქალებს, და საერთოდ ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებს არ ეკითხებიან. ვფიქრობდი, რომ სად და როგორ უნდა განაწილდეს და დაიხარჯოს ქალაქის ბიუჯეტი ხალხს თუ არა, მე მაინც მკითხავდა ვინმე და მეც ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს მივცემდი, რომელიც მოქალაქეებზე იქნებოდა ორიენტირებული და არა თანამდებობის პირებზე და მათ ინტერესებზე.

სამწუხაროდ, დღითიდღე უფრო რთული და რთული ხდება ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრის საქმიანობის, ასევე პარტიული საქმიანობის განხორციელება, რადგან ყოველდღიურად გიწევს ბრძოლა ხელისუფლების ზეწოლის და ძალადობის მანქანასთან, ზეწოლა, კი ჩემი განსხვავებული აზრის გამო, სხვადასხვანაირია.

ძნელი მოსასმენია, როცა პირველივე სხდომაზე განსხვავებული აზრის გამო, ქალაქის მერი (ბეგლარ სიორიძე) მოგმართავს ამდაგვარი სიტყვებით: „შენ, ეი ქალო, ნუ წიკვინებ მანდ“, შემდეგ დღისით, მზისით საკრებულოს სხდომაზე თავისუფლებას აღგიკვეთავს, გამოგამწყვდევს იმისთვის, რომ მოისმინო ლანძღვა-გინების კორიანტელი, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხია იმისთვის, რომ აღარ გაბედო და სურვილიც კი აღარ გაგიჩნდეს, რომ განსხვავებული აზრი გქონდეს და გამოთქვა, შემდეგ მუდმივად ხელს გიშლიან განახორციელო შენი უფლება-მოვალეობები, არ გიშვებენ ამათუ იმ კომისიაში, მოტივები სხვადასხვაგვარია, შემდეგ კითხულობ თუ შეიძლება სხვისთვის რატომ არ შეიძლება ჩემთვის? კითხვები უპასუხოდ რჩება, სამაგიეროდ შეურაცხმყოფელი სიტყვები და გამოთქმები მატულობს, გიმალავენ ინფორმაციას, გიჩივიან სასამართლოში, შენ კი მაინც პოულობ შენს თავში იმის ძალას, რომ არ გატყდე და ბრძოლას აგრძელებ, ასაჯაროვებ ფაქტებს, აპროტესტებ, ჟურნალისტებს ესაუბრები კონკრეტულ დარღვევებზე რაც მუნიციპალიტეტში ხდება, მიმართავ არასამთავრობოებს და ხვდები, რომ პროცესები კიდევ უფრო მწვავდება, რადგან თავის დროზე არ დაისაჯენ თანამდებობის პირები კონკრეტული შეურაცხყოფებისთვის, დაუსჯელობის სინდრომი კი გადამდებია და პროგრესირებადი, ამიტომაც იქ სადაც არის ძალა, საჭიროებას აღარ წარმოადგენს გონება და ცდილობს ხელისუფლება ძალის გამოყენებით გაგაჩუმოს.

მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო ერთ ფაქტზე, რომელიც ამ ბოლო დღეებში მოხდა და ვფიქრობ, ყველაფერი ამით ნათქვამია: მაისის დასაწყისში დაბა ლაითურში, მოსახლეობისვე თხოვნით, ჩემს თანაპარტიელებთან ერთად მივედი, იქ გავიცანი შესანიშნავი ადამიანები რომლებმაც გულისტკივილით მომიყვნენ, რომ ჰყავთ პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი, რომ ახლა მეუღლეს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, მაგრამ ოპერაციამდე ესაჭიროება ძვირადღირებული გამოკვლევა, გამოკვლევის თანხა კი არ გააჩნიათ. მითხრეს, რომ წინა კვირას ზედიზედ სამჯერ ჩავიდნენ გამგეობაში, მაგრამ ვერ შეხვდნენ გამგებელს, არ შეუშვეს მასთან სასაუბროდ, რომ დახმარება ეთხოვათ, მთხოვეს მე, შევყოლოდი გამგებელთან, ცოტა ქართულადაც გვიჭირს საუბარი და თქვენ უფრო კარგად აუხსნითო, უყოყმანოდ დავთანხმდი და რადგან შაბათ-კვირა მოდიოდა, ორშაბათს დღეს შევხვდით და მივედით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ მერაბ ჭანუყვაძის მისაღებში, სადაც მდივანმა გოგონამ განგვიცხადა, რომ გამგებელს კვირაში ერთი დღე აქვს მიღება და პარასკევს მობრძანდითო, ვუთხარი, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლიდით ვიდრე გამგებელთან არ შემიშვებდნენ, რადგან ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე იყო საუბარი, გოგონამ მოახსენა გამგებელს და დიდი დავი-დარაბის შემდეგ შეგვიშვეს. კაბინეტში, ჩვენს გარდა, გამგეობის მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. შესვლისთანავე დავინახე, რომ არ ესიამოვნათ ჩემი სიჯიუტე და უკმაყოფილო გამგებელმა უკმეხი ტონით მომმართა: დღეს რატომ უნდა მივიღო ვინმე? მე მიღების დღე ერთხელ მაქვს პარასკევს, თქვენთვის ეს გაუგებარი რატომ იყო? პასუხად ვუთხარი, რომ: ესენი თქვენი მოქალაქეები და ამომრჩევლები არიან, 3 დღეა დადიან და ვერ მოახერხეს თქვენთან შეხვედრა, იქნებ ეხლა მოუსმინოთ, პასუხი: დღეს რატომ უნდა მოვუსმინო, მოვიდნენ პარასკევს და მოვუსმენ, ამაზე ავღშფოთდი და ვუთხარი, რომ ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი და მეორეც, როდესაც ასე უჭირს სოფელს, როდესაც არის ასეთი შემთხვევები, კეთილი უნდა ინებოთ და კვირაში 4 დღე დილით რამდენიმე საათი შეხვდეთ მოქალაქეებს, ხოლო კვირაში 1 დღე დილიდან საღამომდე მოქალაქეები მიიღოთ, რადგან მოქალაქეებმა აგირჩიეს ეს ფრაზა დავასრულე თუ არა გამგეობის მაღალჩინოსანი (საბიუჯეტო-საფინანსო განყოფილების უფროსი გია მამაკაიშვილი) ყვირილით წამოვიდა ჩემსკენ შემდეგი სიტყვებით: „შენ უსინდისო, უნამუსო, გარეწარო ქალო, აქ რისთვის მოხვედი, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთო?“ ადგილზე გავხევდი, ამას არ ველოდი, მივუბრუნდი გამგებელს და ვეკითხები, სამუშაო საათებში თქვენი თანდასწრებით, თქვენივე თანამშრომელი მოქალაქეების თვალწინ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს და თქვენი რეაგირება რა არის ამასთან დაკავშირებით. გამგებელი დუმს, მაღალჩინოსანი არ ჩუმდება, აგრძელებს შეურაცხყოფას, გამგებელს დავპირდი, რომ ამ შეურაცხყოფას არ ჩავყლაპავდი, რომ ყველგან სადაც ხელი მიმიწვდებოდა გავასაჯაროვებდი ამ ფაქტის შესახებ და დაველოდებოდი იმ დღეს, როცა მსგავსი ფაქტებისთვის თანამდებობის პირებს სამართალი პასუხს მოსთხოვდა, იძულებული ვიყავი მოქალაქეებთან ერთად დამეტოვებინა გამგებლის კაბინეტი, გული მომიკვდა, როცა გაჭირვებულ მოქალაქეებს უკან გადმოუყარეს საბუთები, ის ღირსეული ადამიანი კი მე მაწყნარებდა, „ეს რა გავიგე, ეს რას შევესწარი, ჯობდა ჩემთვის დაერტყა, ეს რა დღეში ჩაგაგდეთ, დახმარება რომ გთხოვეთ“... მე კი ვებოდიშებოდი, რომ ვერ დავეხმარე.

მე მოგიყევით ერთი და ორი ფაქტი, მაგრამ ასეთი და ამდაგვარი ფაქტები მრავლად დაგროვე და ჩემს ცხოვრებაში, რადგან, რაც უფრო ვაქტიურობ, მით უფრო ძლიერდება ძალადობა, ყველაზე რთული მოსასმენია, როცა თანამდებობის პირი (მამაკაცი) დამამცირებელი ტონით იმიტომ მოგმართავს: შენ, ეი, ქალო ....... ან უბრალოდ, ქალო, რომ ხაზი გაუსვას მის უპირატესობას და ცდილობს ამ სიტყვის გამოყენებით დაგამციროს, რადგან მიაჩნია, რომ ქალის ადგილი სულაც არაა პოლიტიკა და თვითმმართველობა, რომ ქალი იცის „ქუხნაში“. მე ვაგრძელებ ბრძოლას და არ ვაპირებ შევეგუო ძალადობას, ზეწოლას, ამიტომ ყველა მოძალადის სახელს ვასაჯაროვებ.

მინდა ქალებს ვუთხრა, დროა გამოვიდნენ მამაკაცების მიერ მიჩენილი „სამზარეულოდან“, მოვიდნენ პოლიტიკაში, თვითმმართველობებში და ყველამ ერთად ვუთხრათ ძალადობას - არა! მინდა რაც შეიძლება მეტი ქალის ხმა ისმოდეს საკრებულოებში, პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტში.

1017028 1374963992759532 1477632575 n
გიორგი გიუაშვილი ბორჯომის ყოფილ პოლიცმაისტერის მამუკა ხაზარაძის და "თი ბი სი" ბანკის უსტაბაშის მამუკა ხაზარაძის მაფიოზური კარტელის სტრუქტურას შიფრავს

იხილეთ ვრცლად

gugava

„გოგელია რუსული პროექტია“ - რა კავშირი აქვს მაესტროს მფლობელს ივანიშვილთან

იხილეთ ვრცლად

natia 20140212 1703911663

ადგილობრივი პოლიტიკა და ძალადობა სქესის ნიშნით

იხილეთ ვრცლად

chitauri

გიორგი ჩიტაური:-„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამასთანავე მივეკუთვნები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის რიგებს „ლეიბორისტებს“.

იხილეთ ვრცლად