წესდება
ლეიბორისტული პარტიის წესდება..

 

რეგისტრირებულია ცვლილებებით

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

საჯარო რეესტრის ეროვნული

სააგენტოს მიერ

--------წლის----------------------

#------- გადაწყვეტილებით

 

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის

წ ე ს დ ე ბ ა

 

თბილისი

 

2018 წ.

 

თავი 1.  ზოგადი დებულებები

 

1.1.         საქართველოს ლეიბორისტული პარტია /სლპ/ შემდგომში “პარტია”, არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად”.

 

1.2.         პარტია არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – საჯარო სამართლის სუბიექტი.

 

1.3.         პარტია თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

 

1.4.         პარტიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჯავახიშვილის ქ. N 88.

 

თავი 2.  პარტიის მიზნები

 

2.1. პარტიის მიზნებია:

დამოუკიდებელი, სოციალურ-სამართლებრივი, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა;

გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლების ფორმირება, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება;

ქვეყნის ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი ერთიანობისათვის განუხრელი ზრუნვა;

ქვეყნის მდგრადობისა და უსაფრთხოების განმტკიცება;

 

აქტიური მოქმედება საქართველოს ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად საერთაშორისო თანამეგობრობაში;

ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა;

ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება, ღია საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თავისუფალი მეწარმეობის განვითარება, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;

საზოგადოების ყველა ფენის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა;

ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

უკომპრომისო ბრძოლა უკანონობის წინააღმდეგ;

სხვა მიზნები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოსკანონმდებლობას

2.2. თავისი მიზნების მისაღწევად პარტია ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ზოგადსაკაცობრიო მორალისა და სამართლიანობის პრინციპებს, იყენებს პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კანონით დაშვებულ ფორმებს.

თავი 3. პარტიის წევრობა

 

3.1. პარტიის წევრი შეიძლება იყოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც იზიარებს პარტიის მიზნებს და იცავს ამ წესდებით დადგენილ მოთხოვნებს.

3.2. პარტიის წევრად მოქალაქეთა მიღება ხდება პირადი განცხადების საფუძველზე, სულ ცოტა პარტიის ერთი წევრის რეკომენდაციით, განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში.

პარტიაში მიღებას ახორციელებს პარტიის რეგიონალური პოლიტიკური კომიტეტი, ხოლო გადაწყვეტილებას შემდგომ ამტკიცებს პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტი.

3.3. პარტიის წევრობიდან გასვლა თავისუფალია.

3.4. პარტიის წევრისათვის ამ სტატუსის ჩამორთმევა შეუძლია ხმათა უმრავლესობით რეგიონალურ პოლიტიკურ კომიტეტს ან თავისი ინიციატივით ეროვნულ პოლიტიკურ კომიტეტს.

3.5. პარტიის წევრს შეუძლია წერილობითი განცხადებით გავიდეს პარტიის რიგებიდან თუ პარტიის წევრი იმავდროულად პარტიული სიით არჩეულია წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად იგი პარტიიდან გასვლას ან ფრაქციის შეცვლის შემთხვევაში, ეროვნულ-პოლიტიკური კომიტეტის მოთხოვნით მორალურ-პოლიტიკურად ვალდებულია უარი განაცხადოს სადეპუტატო მანდატზეც.

 

 

თავი 4. პარტიის წევრთა უფლება_მოვალეობანი

4.1. პარტიის წევრს უფლება აქვს:

- აირჩიოს და არჩეულ იქნეს პარტიის ნებისმიერ ორგანოში;

- თანასწორ საფუძველზე მონაწილეობდეს პარტიის ყრილობის მუშაობაში;

- მიიღოს ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;

- ისარგებლოს პარტიის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ–ტექნიკური საშუალებებით პარტიის მიზნების შესაბამისად;

_ ატაროს პარტიის ემბლემა.

4.2. პარტიის წევრი მოვალეა:

_ დაიცვას პარტიის წესდება;

_ დროულად გადაიხადოს საწევრო შესატანი;

_ თავის საქმიანობაში განუხრელად იხელმძღვანელოს პარტიის მიზნებითა და პროგრამით;

_ გაუფრთხილდეს პარტიის ღირსებასა და ავტორიტეტს.

 

თავი 5. პარტიის სტრუქტურა

5.1. პარტიას გააჩნია მართვის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი  და მაკონტროლებელი ორგანოები:

ა) პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა;

ბ) პარტიის აღმასრულებელი ორგანოებია ეროვნული პოლიტიკური კომიტეტი და გენერალური საბჭო;

გ) პარტიის მაკონტროლებელი ორგანოებია სარევიზიო კომისია და პარტიული კონტროლის კომიტეტი.

 

თავი 6. პარტიის ხელმძღვანელი ორგანო

6.1. პარტიის ხელმძღვანელი_უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა ყრილობა, რომელიც ტარდება 4 წელიწადში ერთხელ მაინც, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობასა და კვოტებს განსაზღვრავს პარტიის ეროვნულ- პოლიტიკური კომიტეტი. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა 2/3 მაინც. ყრილობაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა ნახევარზე მეტი.

 

6.2. პარტიის ყრილობა:

 

•             იღებს პარტიის წესდებასა და ცვლილებები შეაქვს მასში, რის შესახებაც კანონით დადგენილ ვადაში ეცნობება მარეგისტრირებელ ორგანოს;

•             იღებს პარტიის პროგრამას, რეზოლიუციებს, მიმართვებს, პოლიტიკურ განცხადებებს, განსაზღვრავს მოქმედების სტრატეგიას;

•             4 წლის ვადით ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს და ისმენს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

•             პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს ეროვნულ პოლიტიკურ კომიტეტს 4 წლის ვადით არაუმეტეს 25 წევრისა და ისმენს გაწეულ საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

•             ირჩევს პარტიის სარევიზიო კომისიას და ისმენს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

•             იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის შესახებ;

•             წყვეტს წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;

 

6.3          პარტიის თავმჯდომარის, პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის 2/3_ის წერილობითი მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე ყრილობა.

შემდგომ წესდების ტექსტში სიტყვები “პოლიტიკური კომიტეტი” ყველგან შეიცვალოს ეროვნული პოლიტიკური კომიტეტით.

 

 

თავი 7. პარტიის თავმჯდომარე

7.1 პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილება:

 

•             წარმართავს პარტიის საქმიანობას საწესდებო მიზნების და ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესასრულებლად;

•             წარმოადგენს პარტიას ქვეყნის შიგნით და საგარეო ურთიერთობებში;

•             უფლებამოსილია ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრს განსაზღვრულ ფარგლებში დამატებით გადასცეს პარტიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

•             მართავს პარტიის ფინანსურ სახსრებს და სხვა მატერიალურ ქონებას. პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე;

•             ხელს აწერს პარტიის ოფიციალურ დოკუმენტებს;

•             არის პარტიის გენერალური საბჭოს, ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის და სამდივნოს წევრი და ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას;

•             პარტიის ყრილობას ასარჩევად წარუდგენს ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის შემადგენლობას;

•             ყრილობას დასამტკიცებლად წარუდგენს 4 წლის ვადით, არაუმეტეს 150 წევრის შემადგენლობით გენერალურ საბჭოს.

•             პარტიის ეროვნული პოლიტიკურ კომიტეტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის ბეჭდვითი ორგანოს ხელმძღვანელს;

•             წარადგენს ეროვნული პოლიტიკური კომიტეტზე დასამტკიცებლად ახალ წევრს.

•             ყოველდღიური მუშაობის წარმართვა-ორგანიზაციისთვის ქმნის სამდივნოს.

 

7.2 პარტიის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ეროვნული პოლიტიკური კომიტეტი დაუყოვნებლივ იწვევს საგანგებო ყრილობას, რომელიც ირჩევს ახალ თავმჯდომარეს, ხოლო მის მიერ მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს  მისივე დავალებით ასრულებს ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის ერთ_ერთი წევრი. პარტიის თავმჯდომარის გაწვევა მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, მოვალეობის შეუსრულებლობის ან საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო ქცევისათვის შეუძლია მხოლოდ პარტიის ყრილობას.

 

თავი 8.  პარტიის აღმასრულებელი ორგნოები

8.1. პარტიის ეროვნულ პოლიტიკური კომიტეტი:

ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით პარტიის ეროვნულ პოლიტიკურ კომიტეტს არაუმეტეს 25 წევრის შემადგენლობით 4 წლის ვადით ირჩევს ყრილობა. მისი უფლებამოსილება გრძელდება ახალი ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის არჩევამდე. ეროვნულ პოლიტიკური კომიტეტის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. ეროვნულ პოლიტიკური კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პარტიის თავმჯდომარის ხმა:

•             უზრუნველყოფს ყრილობის ჩატარებას

•             ყრილობათა შორის პერიოდში ორგანიზაციულად განაგებს პარტიის ქონებას;

•             ამტკიცებს პარტიის ბეჭდვითი ორგანოს ხელმძღვანელს;

•             იღებს გადაწყვეტილებებს პარტიის საწესდებო მიზნებისა და პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების გასატარებლად;

•             ამტკიცებს პარტიის წევრად მიღებისა და შეწყვეტის საკითხებს;

•             პარტიის თამჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს რეგიონალური ორგანიზაციების კოორდინატორებს;

•             ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

 

8.2. პარტიის გენერალური საბჭო:

•             გენერალური საბჭოს სხდომები პარტიის თავმჯდომარის მოწვევით იმართება წელიწადში ერთხელ;

•             უფლებამოსილია ყრილობათა შორის პერიოდში პარტიის თავმჯდომარისა და ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წარდგინებით მიიღოს სამოქმედო ხასიათის დოკუმენტები, საარჩევნო პროგრამა, მიმართვები, რეზოლუციები, პოლიტიკური განცხადებები და სხვა, რომელიც არ უნდა ეწინაღმდეგებოდეს პარტიის წესდებას, პროგრამას და ყრილობის მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს;

•             ისმენს ანგარიშს პარტიის თავმჯდომარის, ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის და სარევიზიო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

•             უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის წერილობითი მოთხოვნით მოიწვიოს პარტიის რიგგარეშე ყრილობა.

 

 

8.3. პარტიას გააჩნია სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა უფლებამოსილება Gგანისაზღვრება ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით;

თავი 9. პარტიის მაკონტროლებელი ორგანო

 

9.1. პარტიის მაკონტროლებელი ორგანოებია  სარევიზიო კომისია და კონტროლის კომიტეტი, რომლებიც მოქმედებენ შესაბამისი კანონმდებლობისა და პარტიის წესდების შესაბამისად;

 

თავი 10. პარტიის ქონება

10.1. პარტიის ქონება შედგება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა კანონით განსაზღვრული შემოწირულობებით, კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობით მიღებული და სხვა კანონიერი შემოსავლებისაგან.

თავი 11. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა

11.1. პარტიის საქმიანობა წყდება კანონით დადგენილი წესით მისი აკრძალვით, რეორგანიზაციით თვითლიკვიდაციის საფუძველზე.

11.2. რეორგანიზაციის შემთხვევაში პარტიის ქონების გადანაწილების საკითხს წყვეტს პარტიის ყრილობა. პარტიის აკრძალვის Aან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გდაეცემა სახელმწიფო ხაზინას.

თავი 12. პარტიის სიმბოლიკა

12.1. პარტიას გააჩნია ემბლემა, დროშა, რომლის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტი.

12.2. პარტიის ემბლემის /ლოგო/აღწერილობა შემდეგნაირია:

ემბლემა გადაწყვეტილია 4 ფერში: ლურჯი, წითელი, თეთრი, ოქროსფერი. წრეში გამოსახულია ასო “ლ”, რომელიც იმეორებს წრის მოხატულობას. წრეს არა აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. კომპიზიციის ცენტრში თეთრი ცხენი მიქრის ფაფარაშლილი. ფაფარი წარმოადგენს პარტიის აბრევიატურას “სლპ”. ცხენის ზემოთ, ღერძის ხაზზე გამოსახულია ბორჯღალი ქართული მზე.

12.3. პარტიის დროშის აღწერილობა შემდეგნაირია:

პარტიის დროშის ფორმა მართკუთხედია, რომლის სიგრძისა და სიგანის ფარდობითი პროპოპრცია შესაბამისად არის 2 X 1. დროშის ფერებია: წითელი, ლურჯი, ოქროსფერი და თეთრი. დროშის 2/3 უკავია წითელ ფერს, ხოლო 1/3 ლურჯ ფერს, რაც წარმოადგენს დროშის ფონს. წითელი და მუქი ლურჯი ფერების მიჯნაზე განთავსებულია პარტიის ემბლემა /ლოგო/.

 

თავი 13 წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

 

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება პარტიის ყრილობაზე დამტკიცების გზით, რომელიც რეგისტრირდება კანონმდებლობის შესაბამისად.

FaceBook Twitter Google