..
უკრაინაში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ აგრესიას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის თქმით, უკრაინის შემდეგ მოსკოვი საქართველოთი დაკავდება.
შალვა ნათელაშვილი:
„წუხელ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა აგრესიის და ოკუპაციის მორიგი აქტი, უკრაინის წინააღმდეგ. კაცობრიობა დგას ბირთვული, მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან. მოსკოვმა დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა მთელი სიგრძე-სიგანით. შემდეგი რიგში დგას საქართველო, რასაც პუტინი არც მალავს.
არ ეყოთ ოცი პროცენტის ოკუპაცია, არ ეყოთ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში და დღეს უკვე მოსკოვი საქართველოთი იქნება დაკავებული, ხოლო ჩვენი ქვეყანა იალქანაწყვეტილი გემივით დაქრის მსოფლიო ოკეანეში.
საჭიროა უსწრაფესი ღონისძიებები ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, რისთვისაც გარდაუვალია:
- ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების გაფორმება;
- საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ბაზების გახსნა;
- აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოზე;
- მსოფლიო საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად.
ეჭვი არავის ეპარება ალბათ, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიგვიღებს. უსაფრთხოებისთვის რჩება მხოლოდ ის პუნქტები, რაც მე ჩამოვთვალე. სხვა შემთხვევაში საფრთხე რეალურია. ის მალე უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლებს.“